ესპანეთი ჰორმუზის სრუტეში შესაძლო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
მისი კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ მოკავშირე ქვეყნები ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში დახმარებას არ გაუწევენ, ეს შესაძლოა ნატოს მომავალზე უარყოფითად აისახოს.
რობლესის თქმით, ესპანეთი არ დაუჭერს მხარს ისეთ დროებით სამხედრო ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მინისტრის შეფასებით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის დასრულება და არა ახალი სამხედრო დაძაბულობის შექმნა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე ალბარესიიც. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს კონფლიქტის დასრულება და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ალბარესის განცხადებით, აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც რეგიონში დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს.
