იაპონიას ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში დახმარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა ქვეყანა განიხილავს, რა ფორმით შეიძლება მოახდინოს რეაგირება, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, იაპონიის ხელისუფლება ასევე სწავლობს, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას გემებისა და მათი ეკიპაჟების უსაფრთხოების დასაცავად. ტაკაიჩიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია განისაზღვროს ყველაზე ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნებს მიმართა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე არიან დამოკიდებული, და მოუწოდა მათ დახმარება გაუწიონ სრუტის ხელახლა გახსნის პროცესს. ტრამპმა იმ ქვეყნებს შორის დაასახელა ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სრუტის გახსნაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ამ გზით ნავთობის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული. მისი შეფასებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული სპარსეთის ყურეში მოპოვებულ ნავთობზე.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ საკითხზე სხვა ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, ეს შესაძლოა ნატოს მომავალზე ნეგატიურად აისახოს.
Financial Times-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ აშშ დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა ევროპელ მოკავშირეებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, და ახლა სურს ნახოს, რამდენად დაუჭერენ ისინი მხარს ამერიკას.
ამასთან, ტრამპმა ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში დაგეგმილ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ ვიზიტი შესაძლოა გადაიდოს. მისი თქმით, ჩინეთისგანაც ელოდება დახმარებას ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში, რადგან ქვეყანა ნავთობის დიდ ნაწილს სწორედ ამ მარშრუტით იღებს.
