საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ხელისუფლებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება შესაძლებელია.
პრემიერის თქმით, საქართველო ამერიკულ მხარეს სთავაზობს ურთიერთობის ახალი ეტაპიდან დაწყებას და პარტნიორობის გადახედვას კონკრეტული სამოქმედო გეგმის საფუძველზე. მისი განმარტებით, თბილისის მხრიდან შესაბამისი ინიციატივა უკვე საჯაროდ არის წარდგენილი.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია მკაფიოა — ქვეყანა მზად არის სტრატეგიული თანამშრომლობა „სუფთა ფურცლიდან“ განაახლოს. მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები უკვე ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას და იმედოვნებს, რომ პარტნიორობის გაძლიერება რეალურად მოხერხდება.
